ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ გადაცემაში l'After Foot „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო. RMC Sport-ის ჟურნალისტის თქმით, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ქართველის პოზიციასთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტად იქცევა.
„არის ერთი საკითხი, სადაც ლუის ენრიკე კვლავ ჯიუტად მოქმედებს — ეს არის კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გამოყენება. აშკარად ჩანს, რომ ეს არ მუშაობს და ხვიჩა ვერ აჩვენებს თავის ნამდვილ შესაძლებლობებს. თუ ენრიკეს სურს ექსპერიმენტები და საკუთარ იდეებში დარწმუნებულია, შეუძლია ასე გააგრძელოს, მაგრამ დიდ მატჩებში ეს არ ამართლებს. შესაძლოა, „ბრესტისა“ და „ლორიენის“ წინააღმდეგ იმუშაოს, მაგრამ მაღალი დონის შეხვედრებში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს,“ — აღნიშნა რიოლომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუის ენრიკე კვარაცხელიას ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ათამაშებს, მაშინ როცა მარცხნივ უმეტესად ბრედლი ბარკოლა მოქმედებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზეა 2 გოლი და 1 საგოლე პასი.

